სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად 2025 წელს ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა

2025 წელს სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგინებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, რისთვისაც შეიქმნება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ სექტემბერში დაანონსა, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნიდა. მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

როგორც მაშინ კობახიძე აცხადებდა, ის როგორც მთავრობის მეთაური იმისთვის დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ისინი დაეხმარონ სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში.

თაია არდოტელი