„ხალხი ცდილობს, ფული გადაიტანოს იქ, სადაც მსგავსი მოვლენები ნაკლებად მტკივნეულია - უძრავ ქონებაში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.
მიუხედავად ამისა, ურუშაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ეფექტი მოკლე ვადაზეა გათვლილი და ქვეყნის კურსის ცვლილება დაარტყამს უძრავი ქონების ბაზარსაც.
„უძრავი ქონება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ იძლევა პირდაპირ ეფექტს, აქვს გრძელვადიანი ეფექტი და ხდება ისე რომ, როდესაც ძალიან ცუდად მიდის საქმე და ფული დევალვაციას განიცდის და არის უარყოფითი მოლოდინები, ფული გარბის ყოველთვის უძრავ ქონებაში. რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ნეგატიურად უძრავ ქონებაზე, რადგან ფული სხვა სფეროებიდან მოედინება აქ.
რასაც ახლა ვამჩნევთ, ხალხი ცდილობს, რომ ფული გადაიტანოს იქ, სადაც მსგავსი მოვლენები ნაკლებად მტკივნეულია. ეს რაღაც დროის განმავლობაში შენარჩუნდება და როდესაც უკვე წყდება ინვესტიციები, აღარ შემოდის ფული, აღარ არის ქვეყანა საინტერესო ინვესტირებისთვის, აუცილებლად უძრავ ქონებასაც დაარტყამს. არ დაარტყამს 3 თვეში, მაგრამ 6 თვეში და 1 წელში ჩვენ საკმაოდ სავალალო სიტუაციას მივიღებთ უძრავ ქონებაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს ქონების გაუფასურებას, რიგი სექტორების ჩამოშლას და ა.შ.“, - აღნიშნავს ურუშაძე.
რესპონდენტს ვკითხეთ, მიმდინარე მოვლენების ფონზე შეინიშნება თუ არა რაიმე სახის აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე:
„ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით პროტესტის ისეთი დღეები გვაქვს, რომ არ არის განსაკუთრებული ცვლილებები უძრავ ქონებაში. თვის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც ვამბობ, უძრავი ქონება სწრაფად არ რეაგირებს მოვლენებზე და მომავალში აისახება ან ნეგატიურად ან პოზიტიურად“, - დასძინა მან.
უძრავი ქონების ბაზარი დაინტერესებას გამოითქვამენ ხოლმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ურუშაძეს ვკითხეთ, შექმნილი ვითარება ხომ არ გამოიწვევს ამ სეგმენტის აქტიურობის შემცირებას.
„ასეთ სიტუაციაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვდება, არაფერი არ ხდება, შიდა ფული გარბის უძრავ ქონებაში, მაგრამ ეს მოკლე ეფექტია, მომავალში ეს აუცილებლად უფრო ნეგატიურ ფაზაში გარდაიქმნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.