„მიმდინარე მოვლენებს ცალსახად უარყოფითი შედეგი ექნება ბიზნესის ყველა სფეროსთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის“ - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების უარყოფითი შედეგი შესაძლოა, მოკლე ვადაში არ გამოჩნდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეფექტი ეკონომიკასა და ზოგადად, ბიზნესის ყველა სექტორზე ნეგატიური იქნება.
„ყველაზე მეტად ბიზნესი ვერ იტანს და ვერ უძლებს არასტაბილური მდგომარეობასა და გაურკვევლობას. ეს აფრთხობს ინვესტორებს, მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, პირდაპირ მოქმედებს მთელ რიგ სექტორებზე, მაგალითად უკვე იმოქმედა ტურიზმსა და მასზე მიბმულ სხვა სფეროებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტ-იმპორტიც დაზარალდება და ყველა მიმართულებისთვის ცუდი იქნება. რაც მალე მოხდება ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავლის მოძებნა, მით უფრო მსუბუქი იქნება უარყოფითი შედეგები“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.
რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას, ბეჟიტაშვილი არ გამოროცხავს, რომ ასეთ სიტუაციაში საქართველოდან ექსპორტი განულდეს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ათ თვეში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტიდან საქართველომ 355.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წილი ქართული პროდუქციის ექსპორტში 15%-ს შეადგენს.
„ქართული პროდუქცია ევროკავშირში დიდი რაოდენობით ისედაც არ გაგვაქვს, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, DCFTA-ს მეშვეობით და ქვეყნის კურსიდან გამომდინარე (რაც აქამდე ჰქონდა ქვეყანას აღებული) იყო წინსვლის და ზრდის ტენდენციის პერსპექტივა, მაგრამ ახლა, ეს მიმდინარე მოვლენები, თავისთავად შეაჩერებს ამ ყველაფერს და შეიძლება ითქვას, რომ გაანულებს საქართველოდან ექსპორტს ევროპის მიმართულებით.
გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოხდეს დათმობა (ხელისუფლების მხრიდან). ასიათასი ადამიანი გარეთ არის გამოსული და ითხოვს თავისუფალ არჩევანს და ევროპის მიმართულებით ქვეყნის კურსის დაბრუნებას. მთავარია ამ ადამიანებმა (მმართველი პარტიის წევრებმა) გაიგონ, რომ ამას არავინ დათმობს! ყველას სჭირდება თავისუფლება: ბიზნესს, მოქალაქეს, მედიას. ძალადობა, რაც ხდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ქვეყანამ ნორმალურ ჩარჩოებში ცხოვრება უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.