„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით“, - ამის შესახებ აღნიშნულია „ნაბეღლავის“ განცხადებაში.
კომპანია გმობს ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვიან.
„სს „წყალი მარგებელი" უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით.
დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.
ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.