ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და მოქალაქეებს სოლიდარობას უცადებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო ცენტრი მზად არის დახმარება გაუწიოს ყველა ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის შედეგად დაშავდა.
„ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება - იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.