კლინიკა „ინოვა“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.
კლინიკა გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს ყველა მოქალაქეს, რომელიც ძალადობის შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში დაშავდა.
„კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება - იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, - აღნიშნულია „ინოვას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.