ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა! – ამის შესახებ კომპანია „ნოვა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
კომპანია ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი.
„ნოვაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა 1991 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1991 წლიდან ქართველი ხალხი ცდილობს დაიცვას სწორედ ის ღირებულება, რომელიც ამ სიტყვებშია გადმოცემული: „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი"
ჩვენ მრავალი წელია ევროპული სტანდარტებითა და ინვესტიციებით ვქმნით ქართულ პროდუქტს, სწორედ ეს ღირებულებები გვაერთიანებს „ნოვას“ 1000-ზე მეტ თანამშრომელს, სწორედ ეს ღირებულებები ქმნის კომპანია „ნოვას“.
ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა!“, - აღნიშნულია „ნოვას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.