„ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა ჩუმად, მიკვირს ძალიან“, - ამის შესახებ Royal house international real estate in georgia განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან გვინდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ, ვერაფერზე ვერ ხდება კონცენტრაცია მიმდინარე მოვლენების გარდა...
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ იმ სოციუმში სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვარსებობთ, ჩვენს ირგვლივ, ჩვენთან ახლოს ასეთი დაუნდობელი დამნაშავე ადამიანები ცხოვრობდნენ...
ის ბიჭები, რომლებიც ახლა ლექციაზე უნდა ისხდნენ და განათლებას იღებდნენ, ციხეში გაუშვეს სამშობლოს სიყვარულისთვის, ის ექიმებიც პაციენტებს რომ უნდა ემსახურებოდნენ... მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები - უამრავი ადამიანი... ათასი შეთითხნილი ბრალდებით.
სამაგიეროდ მშვიდად დათარეშობს ქუჩაში ისინი, ვინც კინაღამ კისერი მოტეხა ჟურნალისტ ქალს, ვინც ფეხებით შესდგა თავზე ახალგაზრდა ბიჭს და ვის ჰქონდა გარანტია ფატალურად არ დასრულდებოდა ეს?
ეს არის სამართალი? ასეთი სახელმწიფო ვაშენეთ? ასეთ ქვეყანაში გვსურდა ცხოვრება?
ისინი ვინც ჩვენს უფლებებს უნდა იცავდნენ, იქცნენ დამნაშავეებად...
ძალიან რთულია ასეთ დროს იყო პროდუქტიული შენს საქმეში და აკეთო ის რაც „გევალება“.
ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა ჩუმად, მიკვირს ძალიან. ახლა ყველას პასუხისმგებლობაა ვიხსნათ უდანაშაულო ადამიანები და ვიხსნათ სამშობლო. არ შეიძლება ასეთ დროს იფიქრო რამეზე სამშობლოს გარდა.
გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას“, - ნათვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც მათ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.