თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნების განახლებისთვის საქართველოს რკინიგზამ ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, შესყიდვა კიდევ ერთხელ გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 063 760 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 25 დეკემბერს იწყება და 30 დეკემბერს სრულდება.
თითოეულ ბაქანზე 2-2 ესკალატორი უნდა დამონტაჟდეს. ამასთანავე, ესკალატორები განკუთვნილი უნდა იყოს გარე სივრცეში მონტაჟისთვის, უნდა გააჩნდეს უჟანგავი ფოლადის შეფუთვა და მოაჯირები, ეკონომ რეჟიმი (ავტომატური დაძვრა და გაჩერება) და აღჭურვილი უნდა იყოს წყალმომცილებელი სისტემით.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა N2 და N3 ბაქნების რეკონსტრუქციის სამუშაოები და ესკალატორების (4 ერთეული) მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება 12 კალენდარული თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, სამგზავრო ბაქნები თბილისის ცენტრალური სადგური ერთად აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. საქართველოს რკინიგზამ ტენდერი პირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა, თუმცა მონაწილეობა არც ერთ პრეტენდენტმა არ მიიღო. რკინიგზამ მეორე ტენდერი ივლისში გამოაცხადა და აღნიშნულიც ტენდერიც იმავე მიზეზით არ შედგა.