„ქალაქები, სადაც ფეხით, ველოსიპედით ან ავტობუსით შეგვიძლია ვიაროთ, მანქანებით არის გადაჭედილი,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილი აღნიშნა.
მანვე ყურადღება გაამახვილა პრობლემის მოგვარების გზებზე და დასძინა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
„საჭიროა ავტოპარკის განახლება, მაგრამ მეორეს მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რაც თბილისში მიმდინარეობს, თუმცა საუბარია არამარტო დედაქალაქზე, არამედ სხვა ქალაქებზეც. პატარა ქალაქები, სადაც ფეხით, ველოსიპედით ან ავტობუსით შეგვიძლია ვიაროთ, მანქანებით არის გადაჭედილი, იმიტომ რომ, არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საველოსიპედე ინფრასტრუქტურა და ამავდროულად საგზაო მონაწილეთა ცნობიერებაც ასამაღლებელია როგორც ეკოლოგიურ ტრანსპორტთან, ასევე საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ველომომხმარებლის უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი. არ ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისზე, საუბარია ყველა ქალაქზე. მაგალითად, ქუთაისში, სადაც ფეხით და ველოსიპედით გადაადგილ;ება ძალიან კომფორტული შეიძლება იყოს, ავტმობილებით არის გადატვირთული“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, განვითარებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა მძღოლებისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილების შენახვა მეტ თანხასთან არის დაკავშირებული.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადართვა ფინანსურად მძღოლისთვისაც მომგებიანია, რადგან პარკირებაც ძვირია, პარკირების ადგილიც აღარ არის თბილისში ხელმისაწვდომი, ასევე მანქანის შენახვაც არ არის ბიუჯეტური. განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სარგებელი კი ბევრად მაღალია, ვიდერე კერძო ავტომობილის: მგზავრობა უფრო სწრაფია, ფინანსურად ხელსაყრელი, გარემოს ნაკლებად აბინძურებს და გზას არ ტვირთავს. ფეხით სიარული კი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.