აფხაზეთი რუსეთისგან დაფინანსების აღდგენას ითხოვს - მოსკოვის პირობა ისევ “საინვესტიციო ხელშეკრულების” რატიფიცირებაა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სოციალური გადასახადების თანადაფინანსების აღდგენას სთხოვს.

წერილობით თხოვნას ბგანბა „აფხაზეთში შექმნილი რთული ვითარებით” ხსნის.

მისი თქმით, რუსეთმა, პენსიების გარდა, ე.წ. საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსებისთვის ყველა გადახდა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ჯერ შეაჩერა, ხოლო ნოემბრიდან მთლიანად შეწყვიტა.

კრემლში აფხაზეთთან რუსეთიდან “სახელმწიფო მოხელეებისთვის სუბსიდირებული დახმარების აღდგენის” საკითხზე მოლაპარაკებებს ადასტურებენ, თუმცა აფხაზურ მხარეს დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაგდებასაც ახსენებენ.

“ყველა პრობლემა, მათ შორის, რუსული იურიდიული პირების ინვესტიციების შესახებ კანონპროექტის უარყოფა მოსკოვის ყურადღების ცენტრშია და ორმხრივად განიხილება,” - აცხადებს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი.

ის ხაზგასმით მიანიშნებს, რომ საინვესტიციო დოკუმენტი და მასზე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის რეაქცია აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური დახმარების, ასევე, ენერგომომარაგების საკითხებთან მიბმულია.

“ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ჩვენს აფხაზ მეგობრებთან მუდმივად განვიხილავთ და ამ დისკუსიას გავაგრძელებთ,“ - აცხადებს პესკოვი.

უფრო პირდაპირი და რადიკალურია თავის განცხადებებში სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი. მისი თქმით, გადახდები შესაძლოა, იმ შემთხვევაში აღდგეს, თუ აფხაზეთი რუსეთ-აფხაზური შეთანხმებებით თამაშს შეწყვეტს, რომელიც რუსეთს, მის იმიჯსა და ერთობლივ გეგმებს აზიანებს.

ზატულინის შეფასებით, ერთის მხრივ, აფხაზეთი ნებაყოფლობით სუბსიდირებას ითხოვს, მეორე მხრივ, პატივს არ სცემს საკუთარ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი თავად მოაწერა და მას “შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად აქცევს.”

“არ არსებობს რწმენის საფუძველი, მივიღოთ ერთგულების განცხადებები იმ პირობებში, როცა ოპოზიცია და აფხაზეთის ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა ჩვენს შორის დადებული შეთანხმებების მიმართ… ანუ როცა აფხაზეთს ფულს ვაძლევთ, ეს ნორმალურია და როცა ჩვენი ინვესტორების გარანტიებს ვითხოვთ, ეს ადგილობრივი ბიზნესის წართმევაა?!,“ - აცხადებს ზატულინი.

ცნობისთვის: 4 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირებას. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. ხელისუფლებაში მოსული აფხაზური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ შეთანხმებით რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.

თუმცა მოსკოვი ამ დოკუმენტის დამტკიცებას დაჟინებით მოითხოვს. მის ხელმოწერამდე კრემლმა 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის “ბიუჯეტის” დაფინანსებაც კი შეაჩერა. შედეგად, “საინვესტიციო შეთანხმებას” 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი, რომლის რატიფიცირებაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს უნდა მოეხდინა. თუმცა "პარლამენტმა“ რატიფიცირების საკითხი ჩააგდო.

ამასთან, აფხაზეთში ენერგოკრიზისი და მძიმე სოციალური მდგომარეობაა. კერძოდ, ე.წ. ბიუჯეტის დეფიციტის გამო და ელექტროენერგიის რუსული ნაკადის შესაძენად სახსრების მოძიების მიზნით დე ფაქტო საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების დაფინანსება, მათ შორის, ხელფასების გაცემა შეჩერდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ