„ხელისუფლებას აქვს ევროპასთან პრობლემები, შესაბამისად, ეს აისახება ავიაციაზეც, იქიდან გამომდინარე, რომ მიბმული ვართ ევროკავშირის კანონმდებლობას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სალიზინგო კომპანიებთან არსებულ პრობლემებზე ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინაც საუბრობდა. მაშინ კოდუა ამბობდა, რომ „სალიზინგო კომპანიები ძველ პირობებ რთულად ეთანხმებოდნენ“.
ახლა კი აცხადებს, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელია იპოვონ სალიზინგო კომპანია, რომელიც თანახმა იქნება ქართული კომპანიებისთვის ბორტის მიქირავებზეა. მისი თქმით, სალიზინგო კომპანიები რისკებს არ იღებენ.
„საქართველოს ავიაციის სააგენტო მიბმულია ევროკავშირის კანონმდებლობას და მათი სტანდარტებით ხდება ჩვენი საავიაციო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება და ვმუშაობთ ამ სტანდარტებით. რადგან ხელისუფლებას აქვს ევროპასთან გვაქვს გარკვეული პრობლემები, ეს აისახება ავიაციაზეც, არამარტო სტანდარტების მხრივ, არამედ ნათლად ვხედავ ამას ჩემს კონკრეტულ მაგალითზეც.
სალიზინგო კომპანიები აქამდე ადვილად გვაძლევდნენ ლიზინგით თვითმფრინავებს, დღეს ვერ მოიძებნება სალიზინგო კომპანია, რომელიც თანახმა არის საქართველოში ლიზინგით მოგვაქირაოს ბორტები. კომპანიები არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე რისკებს აღარ წევენ, არ გვიდასტურებენ ინვესტიციებს. დამოკიდებული ვართ იმაზე, ჩვენ თუ მოვიძიებთ თანხებს საკუთარი ძალებით, შევიძენთ ბორტებს და ჩვენივე რისკებით ვიოპერირებთ“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.