კრიზისი ინვესტიციებზეც აისახება, არავის უნდა მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში თანხების ჩადება - გიორგი ხიშტოვანი

„თუ ყველაფერი ასე დარჩა, საქართველოს, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტულ წრეებში არაერთხელ გაჟღერდა მოსაზრება, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად შესაძლოა, შემცირდეს საქართველოს სანდოობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ინვესტორებსა და მათ გადაწყვეტილებებზეც აისახება.

ჩვენთან საუბრისას გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კრიზისი არ განიმუხტა, ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან არავის სურს მაღალი პოლიტიკური რისკის მქონე ქვეყანაში თანხების დაბანდება.

„ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი მოდიოდა რეინვესტირებულ თანხებზე, ინვესტორების საკუთრებაში მყოფი აქტივები რეინვესტირების გზით რჩებოდა ქართულ ეკონომიკაში. ამის საფუძველი იყო: ა. კომპანიების მომგებიანობა; ბ. ინტერესი დაეტოვებინათ კაპიტალი საქართველოში.

მიუხედავად რეინვესტირებისა, გვაქვს კლება წინა წელთან შედარებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ქვეყანა გახდა წმინდა ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ადამიანისა და ბიზნესის უფლებები არის დაუცველი, რისკი, რომ ინვესტიციების კიდევ უფრო დიდი კლება მივიღოთ, არის რეალური, რადგან, ერთი მხრივ, კრიზისის პირობებში ბიზნესების მომგებიანობა შემცირდება და მეორე მხრივ, ინტერესი ბიზნესების, დატოვონ კაპიტალი საქართველოში მნიშვნელოვნად იკლებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში კრიზისი ინვესტიციების მოცულობაზეც აისახება.

ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყნის რეპუტაცია, მნიშვნელოვნად შეილახება თუ ასე დარჩა ყველაფერი, რადგან არავის არ უნდა მაღალი პოლიტიკური რისკების მქონე ქვეყანაში თანხების ინვესტირება, ეს ეხება როგორც მსხვილ ბიზნესს, ასევე ინდივიდებსაც,“ - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

მერი ტაბატაძე