„თითოეული ჩვენგანის ვალია, შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში“ - აქციაზე დაზარალებულების მხარდასაჭერად Jobs.ge სოლიდარობის ფონდში 10 ათას ლარს რიცხავს

აქციაზე დაზარალებულების მხარდასაჭერად Jobs.ge სოლიდარობის ფონდში 10 000 ლარს რიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

კომპანიის განცხადებით, თანხა საპროტესტო აქციებზე დაშავებული მოქალაქეების მკურნალობას, ჯარიმების გადახდასა და ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდება.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და შეუპოვრობას, რომლის საუკეთესო მაგალითს ყოველდღიურად გვაძლევენ სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილი ჩვენი თანამოქალაქეები. ღრმად გვწამს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში იმ სახით, რა სახითაც შეგვიძლია. აუცილებლად მიგვაჩნია დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არ დავტოვებთ. თანხა მოხმარდება მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ჯარიმების გადახდას და სხვა ფინანსური სახის მხარდაჭერას.

აქვე მოვუწოდებთ ჩვენს კლიენტებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გახდნენ უსამართლო დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიზნეს სექტორს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად ფონდის შექმნის ინიციატივით ყოფილმა პრემიერი-მინისტრმა, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მერი ტაბატაძე