გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის შემოსავალი წელს 1 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბებს - ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ამ თანხის ნახევარზე მეტს კომპანიები, Google, Meta, ByteDance, Amazon და Alibaba გამოიმუშავებენ, რადგან სარეკლამო ბაზარზე, ძირითადად, ტექნოლოგიური სექტორი დომინირებს.
GroupM-ის პროგნოზით, გლობალური სარეკლამო შემოსავალი 9.5%-ით გაიზრდება, რაც წლის შუა პერიოდის პროგნოზზე მეტია, ხოლო 2025 წელს ბაზარი 7.7%-ით გაიზრდება.
თუმცა ბაზრის ზრდის უმეტესი ნაწილი პირდაპირ სარგებელს აშშ-ის ტექნოლოგიების სექტორის ციფრული რეკლამის უმსხვილეს პროვაიდერებს უფრო მოუტანს, ვიდრე იმ სარეკლამო სააგენტოებს, რომლებიც მარკეტინგის სერვისებს უზრუნველყოფენ.
კერძოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის ციფრული რეკლამა მთლიანი შემოსავლის 73%-ს შეადგენს. წელს ის 12,4%-ით, ხოლო 2025 წელს 10%-ით გაიზრდება. ამასთან, სტრიმინგ-ვიდეოს, ციფრული გაზეთებისა და ჟურნალების შემოსავლების გათვალისწინებით ციფრული რეკლამის წილი 82%-ს მიაღწევს.
ტრადიციული სარეკლამო არხები, როგორიც ტელევიზია, ბეჭდური მედია და რადიოა, ადგილს ციფრულ ფორმატებს უთმობენ. წელს გლობალური ბეჭდური რეკლამის შემოსავალი 4,5%-ით, ხოლო 2025 წელს დამატებით 3%-ით შემცირდება. აუდიო რეკლამის შემოსავალი მომავალ წელს უცვლელი დარჩება, ხოლო ტელევიზია, ხაზოვანი მაუწყებლობისა და ნაკადოვანი კონტენტის ჩათვლით, 2024-იდან 2029 წლამდე პერიოდში მხოლოდ 2.4%-ით გაიზრდება.
აშშ უმსხვილეს სარეკლამო ბაზრად რჩება, რომლის შემოსავალი 2025 წელს 379 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამ ზრდას ხელს არ შეუშლის ქვეყანაში სესხის აღების მაღალი დანახარჯები და, განსაკუთრებით, ელექტრონიკისა და სახლის საქონლის სფეროში ზოგიერთი საცალო კომპანიის დაბალი პროგნოზი.
ამასთან, არსებული პროგნოზით, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ საგადასახადო ტარიფებმა და ძლიერმა დოლარმა შესაძლოა, სარეკლამო ბაზარზე გავლენა მოახდინოს. ეს ფაქტორები დამატებით გამოწვევებს შეუქმნის რეკლამის განმთავსებლებს ფუფუნებისა და ფართო მოხმარების პროდუქციის სფეროში, რომლებიც შემცირებული მოხმარების პერიოდს განიცდიან.
ჩინეთში წელს სარეკლამო შემოსავლები 13,5%-ით, 204,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო ევროპის უმსხვილეს სარეკლამო ბაზარზე, დიდ ბრიტანეთში წელს ამ შემოსავლის 8,3%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული, რაც 53,2 მლრდ დოლარს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ