ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს, კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს კი 298 მილიონ ლარზე მეტია.
როგორც ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა, კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი.
„გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;
- ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი;
- სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი;
- სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;
- სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით.
თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:
- მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი;
- სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;
- სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნა ხუციშვილმა.გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 72 მილიონ ლარზე მეტი;
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 81 მილიონ ლარზე მეტი;
- ერთიანი აგროპროექტი - 350 მილიონ ლარზე მეტი;
- სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 129 მილიონ ლარზე მეტი;
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 30 მილიონი ლარი;
- დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 28 მილიონ ლარამდე;
- სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 25 მილიონ ლარამდე;
- გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი - 33 მილიონ ლარზე მეტი,“ - აღნიშნა მინისტრმა.