„ევროპელი ავიაოპერატორები დაკარგავენ ბაზარს, ხოლო მგზავრები - სერვისზე წვდომას“ - კოდუა უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე

„ევროპელი ოპერატორები დაკარგავენ ბაზარს, ხოლო მგზავრები სერვისზე წვდომას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე კომენტირებისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.

როგორც კოდუა აღნიშნავს, საქართველოს ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების უდიდესი ნაწილი უცხოურია. მისი თქმით, აქედან გამომდინარე უცხოური კომპანიები ოპერირების გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.

„აგრესიულად შემოვიდა ბაზარზე „თურქიშ ეარლაინი“, „ვიზეარი“ და სხვები, დღეს საქართველოს ბაზარზე 90%-ზე მეტი არის უცხოური ავიაკომპანიები. ქართული კომპანიები ნაკლებად ვართ ბაზარზე წარმოდგენილი. დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ 10%-ს თუ შეასრულებს ქართული ოპერატორი, დანარჩენს სრულად უცხოური კომპანიებია. ასევე, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში 100% უცხოური კომპანიებია, არც ერთი არ არის ქართული დროშით - ყველა რუსული, ბელარუსული, ყაზახური ან ევროპული დროშის ქვეშ არის.

ქუთაისის აეროპორტზე სრულად დავკარგეთ კონტროლი. ქუთაისის აეროპორტში ერთ-ერთი მთავარი ოპერატორი ვიყავით, დღეს ჩვენ აქ არანაირი ფრენა არ გვაქვს. ქუთაისის აეროპორტში არ გვაქვს არანაირი აქტივები და მთელი შემოსავლები გაედინება ქვეყნის გარეთ.

თუ რაიმე რისკები იქნება (ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შედეგად), ეს რისკები იქნება უცხოური კომპანიებისთვის - ევროპელი ოპერატორები დაკარგავენ ბაზარს და მგზავრები დაკარგავენ სერვისზე წვდომას“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს გავრცელებულ ევროკომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

დოკუმენტების თანახმად, „იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“.

მერი ტაბატაძე