2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო.
დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
კაკაურიძის განცხადებით, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, განახლებული ბიუჯეტი წარდგენილია წლიური 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში.
ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემცირებულია და შეადგენს 1%-ს, ნომინალური შიდა პროდუქტის მოცულობა - 90 მილიარდ 805 მილიონი ლარია.
დამტკიცებული პროექტის თანახმად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 1 126,5 მლნ ლარით იზრდება და 25 696,0 მლნ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 25 930.4 მლნ ლარია, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 900.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.