საპენსიო სააგენტო ფონდის მართვისთვის კადრებს ეძებს - როგორი იქნება ანაზღაურება

საპენსიო სააგენტომ „საპენსიო ფონდის“ მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ჯამში სააგენტომ საბჭო 8 წევრისგან უნდა დააკომპლექტოს.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში აღნიშნულია, რომ მმართველის საბჭოს 3 წევრის წლიური თანამდებობრივი სარგო 190 000 ლარი იქნება (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატების ჩათვლით) იქნება, ხოლო 5 წევრის სარგო 250 000 ლარსაც კი მიაღწევს (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატების ჩათვლით).

საპენსიო სააგენტოს მიერ hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება. ასევე მინიმუმ 6 წლის სამუშაო გამოცდილება აუდიტის, ბიზნესკონსალტინგის, საოპერაციო მართვის, ადმინისტრირების, რისკების მართვის, იურიდიული, კომუნიკაციების, ფინანსების, ეკონომიკის, ინვესტიციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით. ამასთან, დამატებით უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. ამასთან, პრეტენდენტები უნფა ფლობდნენ სრულყოფილად ინგლისურ ენას.

სააგენტო 8 წევრის დასაქმებას 5 წლის ვადით აპირებს.

შეგახსენებთ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა რიგი ცვლილებები. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდა და შეიქმნა ერთიანი მმართველობითი საბჭო.

დადგენილების თანახმად, მმართველობითი საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, რომელთაგან რვა მათგანს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შეარჩევს და პრემიერს დასანიშნად წარუდგენს შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება რვა წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის სამი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ორი წევრი.

მერი ტაბატაძე