აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება ზემოქმედებას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ვაჭრობის, საფინანსო და საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებამ შესაძლოა, შეამციროს ეკონომიკის ზრდა და გაზარდოს ინფლაცია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
ამასთანავე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკის ცვლილებას სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება, შედეგს რეგიონი 2026 წლიდან იგრძნობს.
„გავლენა ხელშესახები უფრო მალეც გახდება, თუ პოლიტიკა მოსალოდნელზე ადრე ან სწრაფად განხორციელდება ან თუ აშშ-ში ბაზირებული კომპანიები წინასწარ იმპორტს განახორციელებენ მოსალოდნელი გაზრდილი გადასახადის თავიდან ასარიდებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკები წელს 4.9%-ით გაიზრდება, რაც ADB-ის სექტემბრის 5%-იან მოლოდინს ოდნავ ჩამოუვარდება. 2025 წლის პროგნოზი 4.9%-დან 4.8%-მდე შემცირდა, უმთავრესად სამხრეთ აზიაში შედარებით სუსტი შიდა მოთხოვნის გამო. რეგიონის ინფლაციის პროგნოზი შემცირდა 2.8%-დან 2.7%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.9%-დან, 2.6%-მდე, ნაწილობრივ ნავთობის ფასების მოსალოდნელი შემცირების გამო.
„მაღალი რისკის შემცველი სცენარის მიხედვით, ADB ვარაუდობს, რომ აშშ-ის პოლიტიკის აგრესიულმა ცვლილებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას გლობალური ეკონომიკის ზრდას მომდევნო 4 წელზე მეტ ვადაში, ჯამური 0.5 პროცენტული მაჩვენებლით. უნივერსალური ტარიფები სავარაუდოდ, შეამცირებს საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს და ბიძგს მისცემს შედარებით ძვირ შიდა წარმოებას.
შემცირებულმა იმიგრაციამ შესაძლოა, აშშ-ს სამუშაო ძალა შეამციროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პოტენციურად მეტად ექსპანსიურმა ფისკალურმა პოზიციებმა, და მასთან ერთად ტარიფებმა და მიგრაციის შეზღუდვამ, შესაძლოა აშშ-ში განაახლოს ინფლაციური წნეხები.
აშშ პოლიტიკის სავარაუდო ცვლილების მასშტაბის მიუხედავად, განსაკუთრებით გადასახადების კუთხით, განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მისი გავლენა, ამ მაღალი რისკის სცენარით შემოიფარგლება. დამატებითი ხელშეწყობის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) შესაძლოა, 2028 წლამდე წლიურად საშუალოდ მხოლოდ 0.3%-ით შემცირდეს. მისი მეორადი უარყოფითი ეფექტი რეგიონის მასშტაბით, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით, შესაძლოა განეიტრალდეს ვაჭრობისა და წარმოების გადატანით ჩინეთიდან სხვა ეკონომიკებში.
ახლო ვადაში, რეგიონის ეკონომიკების უმრავლესობაში მოლოდინები შედარებით სტაბილურია. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს უცვლელი 4.8%-ია, მომავალ წელს 4.5%. ინდოეთის ეკონომიკის პროგნოზი 7.0%-დან 6.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს 7.2%-დან 7.0%-მდე, კერძო ინვესტიციებსა და საცხოვრებელზე მოთხოვნის მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ADB-მ 2024 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.7%-დან 4.9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის 5.2%-დან 5.3%-მდე. უცვლელი რჩება მოლოდინები წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისთვის - მიმდინარე წელს 3.4%, მომავალ წელს 4.1%.
„აშშ პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გარდა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკისა და ინფლაციისთვის რისკს წარმოადგენს გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ჩინეთში უძრავი ქონების ბაზრის სიმყიფე“, - აღნიშნულია ADB-ის ანგარიშში.