აქციაზე დაზარალებულთა მხარდაჭერის ფონდში SS.ge 10 000 ლარს რიცხავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უძრავი ქონების პორტალი აქვეყნებს.
განცხადება მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ახლა, ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. SS.ge რიცხავს 10 000 ლარს აქციაზე დაზარალებულთა ფონდში.
საქართველოს ადგილი ევროპაშია. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ქართველი ერის ნება, გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - არასდროს შეცვლილა.
კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას. ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციური უფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბიზნეს სექტორს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად ფონდის შექმნის ინიციატივით ყოფილმა პრემიერი-მინისტრმა, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა რამდენიმე დღის წინ მიმართა. როგორც ცნობილია, ფონდში შენატანები სხვადასხვა ბიზნესებს უკვე შეაქვთ და რამდენიმე ადამიანის ფინანსური დახმარებაც უკვე მოხდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ცდილობს ფონდისგან დეტალური ინფორმაციის მიღებას - თუ რამდენმა პირმა განახორციელა შენატანი ამ დროისთვის, რა მოცულობის თანხაა შეგროვებული და რამდენ აქციაზე დაზარალებულ პირს გაეწია დახმარება. შესაბამისად, ამ მონაცემებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.