საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შემაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით პარლამენტში მიმდინარეობს. შესაბამისი განცხადება მათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
განცხადებაში წერია, რომ პროექტი მნიშვნელოვნად აუარსებს საჯარო მოხელეთა დაცვის არსებულ გარანტიებს, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების დადგენილ პრაქტიკას.
„კანონპროექტის მომზადების პროცესში უგულვებელყოფილ იქნა ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი დასაქმებულთა ორგანიზაციის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართულობა. საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო და 2018 წლიდან რატიფიცირებული აქვს „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №144 კონვენცია, რომელიც ავალებს წევრ სახელმწიფოებს შრომის საკითხებზე უზრუნველყოს ეფექტიანი კონსულტაციების გამართვა დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან.
შსო-ს სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში მოქმედებს ნორმები (82-84 მუხლები), რომლის მიხედვითაც სავალდებულოა შრომის საკითხების განხილვა სამმხრივი კომისიის ფორმატში, რაც არ მომხდარა. ხაზი უნდა გაესვას, რომ შემოთავაზებული პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ავალებს საქართველოს დაიცვას შრომის ფუნდამენტური სტანდარტები და უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების მუდმივი გაუმჯობესება. სწორედ ევროინტეგრაციის პროცესის წყალობით, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2015 წელს გატარდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საჯარო მოხელეთათვის სტაბილური და ღირსეული სამუშაოს გარემოს შექმნა იყო.
საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული იგნორირებით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით:
რეორგანიზაციას მიეცემა ფართო ინტერპრეტაცია და რეორგანიზაციად ცხადდება ფაქტობრივად ყველაფერი, გარდა დაწესებულების დაქვემდებარების და სახელწოდების შეცვლისა. მათ შორის რეორგანიზაციის საფუძველი შესაძლებელია გახდეს სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება.
ამასთან, თუკი რეორგანიზაციის დროს დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან ხდება სტრუქტურული ერთეულების შერწყმა ან მცირდება შტატები, თითოეული მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება და ცხადდება კონკურსი. ამასთან, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ამ პროცესში კონკურსის შედეგად ნებისმიერ პოზიციაზე დაასაქმოს საჯარო სისტემის გარეთ მყოფი პირი, რითაც ხდება რანგირების პრინციპის უგულებელყოფა.
რეორგანიზაციის ვადა მცირდება 3 თვიდან 2 თვემდე და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მოხელეები აღარ დაექვემდებარებიან მობილობას.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მიღებულ აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენას. დავის მოგების შემთხვევაში, გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
აღნიშნული ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დადგენილ პრაქტიკას (31/07/2015წ. №2/3/630), რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში იმ დროისთვის არსებული ანალოგიური შინაარსის ნორმა, რომლის მიხედვითაც უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს შეეძლო განაცდური პერიოდისთვის მიეღო კომპენსაცია არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლებამოსილება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში. შეფასებაზე კი დამოკიდებულია, მათ შორის, მოხელის კლასი, საკლასო დანამატი. ამასთან, 2 ჯერ უარყოფითი შეფასების მიღების შედეგად შესაძლებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლება.
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რითაც დასაბუთდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და მით უფრო დაჩქარებული წესით. ვთვლით, რომ მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ფონს და მისი მიღებით საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ შრომითი უფლებების, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრის რეალიზებას“ - წერია განცხადებაში.