„ჰექტრობით მიწები ხმება - მარტივად შეიძლება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილი გვქონდეს“

ძალიან მარტივად შეიძლება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილი გვქონდეს,“ - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ 28 ნოემბერს, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებია ჰექტრობით მიწები ხმება და ფერმერები მოსავალს ვერ იღებენ.

„კლიმატური პრობლემები იმდენად მკაფიოდ ჩანს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ჩვენც ძალიან გაგვიჭირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს, სადაც წყლის დეფიციტი გვაქვს. დაგვემართება ის, რაც უკვე გვემართება პერიოდულად - ჰექტრობით მიწები ხმება და მოსახლეობა მოსავალს ვერ იღებს. ერთია გვალვა და მეორე, კახეთში ქარბორბალა აქამდე გაგონილიც არ გვქონდა, მაგრამ წელს ესეც დაფიქსირდა. როდესაც პროფესიონალებს ვკითხეთ, რამდენად იყო შანსი მისი განმეორების, პასუხს ვერავინ გვცემს, რადგან მისი პროგნოზირება სრულიად შეუძლებელი გახდა. ამასთან, ადგილზე არარსებული დაკვირვების სისტემის გამო ბევრი დეტალის გაგებაც შეუძლებელი გახდა. მხოლოდ ადგილობრივების ნათქვამის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ინფორმაციის მოგროვება.

რისკების ზონების იდენტიფიცირება იმედია უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი, მაგრამ მარტო ეს, საქმეს არ შველის. გვჭირდება კონკრეტული ქმედებები, არის მოსახლეობასთან სამუშაო. ჩემდა სამწუხაროდ, არცერთ პოლიტიკურ ნაწილს არ აქვს გათვითცნობიერებული, რომ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილი გვქონდეს, მოსავალს დიდი ხანია ხალხი ვეღარ იღებს დასავლეთ საქართველოშიც და ეს ბოლო წლების განმავლობაში გრძელდება. ამაზე არანაირი რეაგირება არ არსებობს, სახელმწიფოს ნება უნდა იყოს აქ ძალიან დიდი, რაც არ არსებობს,“ - განაცხადა ჩხობაძემ.

ეკა დარჩიაშვილი