რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ, აფხაზეთში ელექტრომომარაგება აღდგენილია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესში“ განუცხადეს.
როგორც ცნობილია, დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთი სრულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიზეზად „ენგურჰესში“ წყლის კრიტიკულად დაბალი დონე დასახელდა, რომლის გამოც ის ელექტროენერგიის მიწოდებას ვეღარ ახერხებდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „ენგურჰესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე აფხაზეთში დენის მიწოდება სინქრონულად ხორციელდება.
„აფხაზეთის ელექტრომომარაგება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია, თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“ - განაცხადეს „ენგურჰესში“.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ენერგოსექტორი უკვე რამდენიმე დღეა განსაკუთრებულ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება, დროებით სწავლა გაჩერებულია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას ინტერნეტიც.
ახალი გრაფიკით, მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათისა 40 წუთით მიეწოდება, ხოლო 21:00-იდან დილის 07:00 საათამდე მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა უკანონო მაინინგს უკავშირებს. მეტიც, წლების განმავლობაში, „ხელისუფლება“ მოსახლეობას მაინინგის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, სხვა შემთხვევაში კი ენერგოსექტორში კრიზისს არ გამორიცხავდა.