„მავნებლობაა - მშენებელს საქმიანობა კიდევ უფრო გაუძვირდება“ - მალხაზ კუნელაური დაგეგმილ ცვლილებაზე

„პირდაპირ შემიძლია შევაფასო როგორც მავნებლობა“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სამშენებლო სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ასე ეხმაურება.

შეგახსენებთ, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებაში“ ცვლილებებია დაგეგმილი. კერძოდ, საქმე ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც დღემდე სამშენებლო სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის 1%-ს შეადგენდა.

დაგეგმილი ცვლილებებით, უკვე მომავალი წლის 1-ელი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.

როგორც ჩვენთან საუბარისას კუნელაური აღნიშნავს, გადაწყვეტილება მშენებელს საქმიანობას გაუძვირებს და ბიზნესს დააზიანებს.

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან უხეშად ერევა ბიზნესის ისედაც რთულ მდგომარეობაში და აზიანებს მას. რასაც პარლამენტი ფიქრობს რომ გააკეთოს, ეს ნიშნავს, ერთმნიშვნელოვნად, რომ ისედაც გაძვირებული საქმიანობა კიდევ უფრო გაუძვირდება მშენებელს. გადასახადების გაზრდა და მსგავსი მოქმედებების განხორციელება პირდაპირ შემიძლია შევაფასო როგორც მავნებლობა, იმ დროს, როდესაც სექტორს და ქვეყანას ბევრი პრობლემა გააჩნია მათ შორის მათი, ხელისუფლების დამსახურებით“, - აღნიშნავს მალხაზ კუნელაური.

ამასთანავე, როგორც მანვე აღნიშნა, ცვლილებებთან დაკავშირებით მასთან და მსხვილ სამშენებლო ბიზნესებთან ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„არ ჰქონიათ არანაირი კომუნიკაცია პირადად ჩემთან და არც სხვა მსხვილი ბიზნესებისგან გამიგია, რომ რაიმე სახის კომუნიკაცია შედგა ამ საკითხზე. და უფრო მეტიც, რომელ ბიზნესთან კომუნიკაციასა და დიალოგზეა საუბარი, როდესაც უამრავი ადამიანი ყოველ დღე ქუჩაში დგას კონკრეტული მოთხოვნებით და არავინ არაფერს არ ეუბნება მათ და მხოლოდ ცალი მხრიდან ამუნათებენ აქციის მონაწილეებს, მოძალადე ჯგუფებს ეძახიან და სცემენ.

ძალიან რთული ასეთი ტიპის ცალმხრივი დამოკიდებულება და კომუნიკაცია. დამოკიდებულება ორმხრივი უნდა არსებობდეს და ეს ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე იკლებს როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე ბიზნესსა და სხვა სექტორებთან“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

ცნობისთვის, საკითხი დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს და „ქართულმა ოცნებამ“ რეგულაციის 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმდებას უყარა კენჭი.

მერი ტაბატაძე