„ახლა ქონებას არ ყიდულობს ხალხი“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ განაცხადა.
როგორც მოდებაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია.
„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენების ფონზე მოთხოვნაც შემცირდა და რეალიზაციაც. ადამიანები გადართულები არიან სხვა პრობლემებზე. ახლა ქონებას არ ყიდულობს ხალხი. რა თქმა უნდა, უცხოელების მხრიდანაც შემცირებულია მოთხოვნა.
მოლოდინები მომავალი პერიოდისთვის არის ასეთი - როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, თავისთავად ცხადია, ბაზარი გამოსწორდება. ახლა რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა არ ხდება. რომ დასტაბილურდება სიტუაცია, მაშინვე არ იქნება ბუმი და მეორე დღესვე არ დაიწყებენ ინვესტორები აქ ჩამოსვლას - რაღაც პერიოდი დასჭირდება აღდგენას.
მე არც ვიცი არც ხელისუფლების კურსი და არც არაფერი. ჯერ რაღაც შედეგი უნდა დავინახოთ. ახლა არც კურსია და არაფერი არ არის. ამ წუთში არის ორი მხარე, რომელიც ერთმანეთს რაღაც პრეტენზიებს უყენებს. უნდა დალაგდეს [სიტუაცია] და დალაგდება აუცილებლად, იმიტომ რომ, დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ნატო მოდებაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.