„პოლიტიკურ კრიზისს შესაძლოა, 2025 წელს ეკონომიკური კრიზისიც დაემატოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.
ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენს ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა სფეროზე.
„მიმდინარე მოვლენებს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე, გაზრდილია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური რისკები. ეს პოლიტიკური რისკები უკავშირდება იმას, რომ მთავრობა არ არის ლეგიტიმური, მას არ აძლევს ლეგიტიმაციას ჩვენი ძირითადი დასავლელი პარტნიორები. მეორე ფაქტორია ის, რომ საკონსტიტუციო ჩარჩოდან გამოვიდა მთავრობა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ინტეგრაცია, პრაქტიკულად, გააჩერა და მეორე მხრივ, უკანასკნელი ორი კვირაა ყოველდღიურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ეფექტებს, პოლიტიკური რისკების ზრდა იწვევს ქვეყანაში როგორც მონეტარულ პოლიტიკაზე, ასევე დაკრედიტებასა და ფისკალურ პოლიტიკაზე გავლენას. კრედიტი ძვირდება, ინვესტიციები მცირდება, ვაჭრობა მცირდება, ინფლაციური რისკებია გაზრდილი, გაზრდილია რისკი, რომ ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდეს, რაც გამოიწვევს ინფლაციის ზრდაზე წნეხს და ა.შ.
საქართველო სამეზობლოში იყო ყველაზე უსაფრთხო, ღია, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. ის იყო სამეზობლოში დემოკრატიის ოაზისი, რაც დიდ წილად ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებდა. ეს ეხებოდა ყველაფერს: ვაჭრობას, ტურიზმს, უძრავი ქონების ბაზარს, განათლებას, ყველ მხრივ საქართველო იყო უმნიშვნელოვანესი ტურისტული და საინვესტიციო დანიშნულება სამეზობლოში.
თუ საქართველოში დამყარდა ავტოკრატიული რეჟიმი, რისი რისკებიც არის გაზრდილი, ყველა ბენეფიტი წამიერად გაქრება. არავის არ მოუნდება საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, ნაკლებს მოუნდება ტურისტული მიზნით ვიზიტი, ვაჭრობა საქართველოსთან აღარ იქნება ისეთი მომხიბვლელი და ა.შ. ჯამში გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ბმებს დასავლეთთან, რაც იყო ჩვენი მოსახლეობის მიზანი და ხედავდა ამაში კეთილდღეობისა და ინკლუზიური ცხოვრების გარანტს, მაღალი რისკია, რომ ის არხები, რითაც საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა, დავკარგოთ.
გასაგებია, რატომ არის ბიზნესი შეშფოთებული - ყველა ბიზნეს შეიძლება პროცესები შეეხოს! გასაგებია რატომ არის შეშფოთებული საფინანსო სექტორი - სექტორი იყო მზარდი და ახლა ეს ზრდა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან თუ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში შენელდა, დაკრედიტებაზეც აისახება და აისახება გაფუჭებულ სესხებზე!
პოლიტიკურ კრიზისს შესაძლოა, 2025 წელს ეკონომიკური კრიზისიც დაემატოს. აუცილებელია, რაიმე ფორმით პროცესების გადატვირთვა. გადატვირთვისთვის აუცილებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ყველაზე ადეკვატური იქნებოდა ახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ვაკვირდებით, რომ ნაბიჯები უფრო გამწვავებისკენაა მიმართული, ვიდრე კრიზისის დასრულებისკენ. ეს გვაფიქრებს, რომ არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში ქვეყნის საზოგადოებრივი მშვიდობა და ეკონომიკური მედეგობა, პირიქით, მათ ინტერესშია ერთპიროვნული მმართველობის დამყარება, რომელიც დაეფუძნება ძალმომრეობას და მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების შელახვას“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.