„არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ bpn.ge-სთან საუბრისას სამშენებლო სექტორში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებულ სიახლეზე ისაუბრა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, მომავალი წლის 1-ლი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.
„გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სექტორში, როგორც ვთქვათ სხვა ოფისებში, შტატიანი თანამშრომლები ძირითადად, არ ჰყავთ. იქ არიან დაქირავებული ხელოსნები, გარკვეული პერიოდი, გარკვეული პროექტისთვის. მაგალითად როცა სამშენებლო კომპანიები დაუკვეთავენ რამდენიმეთვიან სამუშაოს მშენებლობაზე. ასეთ დროს ინდმეწარმედ ფორმდებიან ეს ადამიანები და ისე უნაზღაურებენ შრომას. თუ ამას დავუმატებთ საშემოსავლოს, საპენსიოს, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებით გაძვირდება მომსახურება.
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაძვირდება პროდუქცია, სადაც ჩართულები არიან ასეთი პირები. ისინი ხომ არ მოიკლებენ თანხას. თუ ვთქვათ სამუშაოში იღებენ 100 ლარს, ამას დაემატება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი და პროდუქცია გაძვირდება. ამას სამშენებლო კომპანიები უკეთ დააზუსტებენ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ხშირად ხდება სწორედ ამ მექანიზმით ანგარიშსწორება“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.