რუსეთისა და ბელარუსის მეზობელი ევროპის ექვსი ქვეყანა საზღვრების დასაცავად 170 მლნ ევროს მიიღებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ჩატარდა სახელწოდებით, „რუსეთისა და ბელარუსის მიერ მიგრაციის იარაღად გამოყენებით გამოწვეული ჰიბრიდული საფრთხეები.“
კერძოდ, 52 მლნ ევრო პოლონეთს, 50 მლნ ფინეთს, 17 მლნ ლატვიას, 15,4 მლნ ლიეტუვას, 19,4 მლნ ესტონეთს და 16,4 მლნ ევრო ნორვეგიას გამოეყოფა. თანხა ელექტრონული სათვალთვალო აღჭურვილობის მოდერნიზებას, სატელეკომუნიკაციო ქსელის გაუმჯობესებას, მობილური აღმოჩენის სისტემის განლაგებასა და დრონებისგან თავდაცვას მოხმარდება.
დერ ლაიენის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის გარე საზღვრებს „რუსეთიდან და ბელარუსიდან მომდინარე ყველა სახის საფრთხისგან გაბედულად იცავენ.“
წელს არალეგალი იმიგრანტების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდნენ, 2023 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. ამ მიგრანტების 90%-ს რუსეთის სტუდენტური ან ტურისტული ვიზა ჰქონდა. ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი და ბელარუსი ევროკავშირის თავშესაფრის უფლების პრინციპთა ექსპლუატაციით ხალხს „დესტაბილიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ იყენებს, რაც „ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით გაძლიერებულ რეაგირებას მოითხოვს.“
ევროპელი ლიდერების შეფასებით, აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაჩენა, სხვა საკითხებთან ერთად, ჰიბრიდული საფრთხეების პრობლემას მოაგვარებს, რომელიც დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლასა და მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობებს მოიცავს.
ცნობისთვის: ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი საზღვარზე 700-კილომეტრიანი თავდაცვის ხაზის აშენებას აპირებენ. წინასწარი შეფასებით, პროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის შეჭრის ან სხვა „მავნე მოქმედებებისგან“ დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, 2,5 მლრდ ევრო ჯდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ