„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ცალსახად გმობს ძალადობასა და დაშინებას, რომელიც ბოლო დღეებში მიმართული იყო მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აღნიშნულია პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში მიმართავს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრობის განხილვა შეჩერდა, საქართველოს მოქალაქეები იყენებენ დემოკრატიულ უფლებას, მშვიდობიანი პროტესტით გამოხატონ უკმაყოფილება. ეს დემონსტრაციები ასახავს ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებას, დაცულ იქნას ევროპული ღირებულებები და სტანდარტები.
ხელისუფლების რეაქცია, სამწუხაროდ, ძალზედ შემაშფოთებელია. გადამეტებული ძალისა და აგრესიული ტაქტიკის გამოყენებამ ქართული საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების ფართო კრიტიკა გამოიწვია. 400-ზე მეტი ადამიანის დაკავებისა და 300-ზე მეტი დაშავებულის, მათ შორის, მძიმე შემთხვევების, შესახებ არსებული ინფორმაცია ამ ქმედებების მიუღებელ ხასიათს ცხადყოფს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია კადრები, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სასტიკი მოპყრობაა ასახული, მათ შორის, იმ შემთხვევებშიც, როცა ისინი უკვე დაკავებულები არიან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება ქმნის არამარტო ჰუმანიტარულ და დემოკრატიულ კრიზისს, არამედ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა დ უსაფრთხოებისთვის.
„ქმედებები, რომლებიც ვნებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, იწვევს დასავლელი მოკავშირეების გაუცხოებას და აჩენს მნიშვნელოვანი პარტნიორობების დაკარგვის რისკს. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოიწვევს გრძელვადიან უარყოფით გავლენას.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატის მთავარი მისია ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობაა, ამ მომენტში ჩვენი მთავარი საწუხარი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ღირსებაა. განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველოს ახალგაზრდობის რეპრესიების სამიზნედ ქცევის ხილვა. ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ ქვეყნის მომავალს - მათი ხმა უნდა იყოს დაცული და არა ჩახშობილი.
მიმდინარე ძალადობა და დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფა საქართველოს იზოლაციისა და მისი პროგრესის ხელყოფის საფრთხეებს ქმნის. ამ შემაშფოთებელი ტენდენციის შესაცვლელად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ძალადობა და დაშინება, გამჭვირვალედ და საფუძვლიანად გამოიძიოს დარღვევები და პასუხი აგებინოს შესაბამის პირებსა და ჯგუფებს.
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვაზე. ამერიკის სავაჭრო პალატა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მომავლისკენ და მიმართავს ხელისუფლებას, იმოქმედოს პასუხისმგებლიანად და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ კრიტიკულ მომენტში. ხელმოწერილი დირექტორთა საბჭო, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, - აღნიშნულია ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებაში.