ქართველი ფინანსისტები და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
განცხადების ხელმომწერები ემიჯნებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ დაიწყონ ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი 2028 წლის ბოლომდე და მოითხოვენ, ხელისუფლება დაუბრუნდეს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას.
„ჩვენ, ქართველ ფინანსისტებს, აუდიტორებს, ბანკირებს, ბუღალტრებს, ინვესტიციების მართვის სპეციალისტებს და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებს, გულწრფელად გვწამს, რომ საქართველოს განვითარება უნდა წარიმართოს ევროატლანტიკური კურსით, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ერთი დღით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან. მოვითხოვთ კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას.
ჩვენ ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს და დაკავებული პირების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვითხოვთ, ამ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დევნის შეწყვეტას და საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით გარანტირებული შეკრებების და მანიფესტაციების უფლების განხორციელების უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია დარგის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.