ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია! – ხვალ მეღვინეები ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბებიან

„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია,“ - ამ ლოზუნგით მევენახეები, მეღვინეები, მცირე და დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები და სხვები ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

სფეროს წარმომადგენლები სამინისტროსთან 13 დეკემბერს, 17:00 საათზე შეიკრიბებიან და „ქართული ოცნების“ საგარეო კურსს გააპროტესტებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევა მევენახეობა-მეღვინეობის დარგს დააზიანებს.

„ვიკრიბებით პარასკევს, 13 დეკემბერს, 5 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (იუსტიციის სახლის შენობის ეზო) მევენახეები, მეღვინეები - მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები.

სასტიკად ვგმობთ ჩვენი კოლეგების, მათი ოჯახის წევრებისა და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების დევნას, მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას თავიანთი სამოქალაქო პოზიციის გამო.

ვაპროტესტებთ რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ პოლიტიკას, რომლის შედეგად საქართველო კარგავს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ეს კი, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, ისე - ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და თვითმყოფად კულტურას უქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს.

ქართულმა ღვინომ, როგორც ათასწლეულების წინ, კვლავ უნდა გაიკვალოს გზა თავის ცივილიზაციურ გარემოში - ევროპულ ოჯახში!“, - აღნიშნულია დაგეგმილ ანონსში.

მერი ტაბატაძე