Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ CNN იტყობინება.
აღნიშნულის ძირითადი განმაპირობებელი გახდა საჰაერო-კოსმოსური კომპანია SpaceX-ის მნიშვნელოვანი წილის გაყიდვა, რამაც მასკის ქონება დაახლოებით 50 მლრდ აშშ დოლარით გაზარდა.
ხაზგასასმელია, რომ ილონ მასკის სიმდიდრის ზრდის ტემპი განსაკუთრებით გასულ თვეში დაჩქარდა, მას მერე, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სწორედ მასკი იყო მისი მთავარი პოლიტიკური მხარდამჭერი და დონორი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩატარებული არჩევნების შემდეგ Tesla-ს აქციები დაახლოებით 65%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია ინვესტორთა ოპტიმიზმით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ე.წ. თვითმართვადი (self-driving) ავტომობილების განვითარებას და ასევე შესაძლოა, მოხსნას საგადასახადო შეღავათები ელექტრო ავტომობილებზე, რაც Teslas-ს კონკურენტებისთვისაც მომგებიანია.
გარდა ამისა, 50 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, xAI-ის ღირებულებაც. არსებული ცნობებით, სტარტაპის მიმართ ინტერესი ტრამპის საარჩევნო წარმატებამ გამოიწვია.
მოსალოდნელია, რომ მასკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში და ექნება პირდაპირი წვდომა ახლადარჩეულ პრეზიდენტთან.
ავტორი: რატი ერისთავი