დაუმთავრებელ მშენებლობებზე ბიზნესი მოსაკრებლის გადახდისგან შესაძლოა, კიდევ 3 წლით გათავისუფლდეს

დაუმთავრებელ მშენებლობებზე ბიზნესს შესაძლოა, შეღავათი კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივდეს. აღნიშნულს გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტშია უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წელს განხორციელდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდნენ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს ობიექტი შემდეგ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა იყოს მიღებული ექსპლუატაციაში. იმავე პერიოდში მთავრობამ განსაზღვრა თუ რომელი ობიექტები ჩაითვლებოდნენ დაუმთავრებელ მშენებლობებად და ეს ობიექტები დღემდე სარგებლობენ ამ შეღავათით.

თუმცა, როგორც ახალი კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ზოგიერთი ეს ობიექტი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ახერხებს ობიექტის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი კი მათივე განმარტებით, კოვიდ-პანდემიის ხანგრძლივი პერიოდია.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მშენებლობები არის დაუმთავრებელი, რომლის დასრულებასაც ელოდება უამრავი დაზარალებული პირი, კანონპროექტის ავტორები თვლიან რომ საჭიროა კანონში შევიდეს ცვლილება, ბიზნესს მიეცეს დამატებითი დრო და მოხდეს ობიექტის დასრულების ვადის გადაწევა 3 წლით. შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დაუმთავრებელი ობიექტი გათავისუფლდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან, იმ დათქმით, რომ ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2028 წლის 1-ელ იანვრამდე (ნაცვლად დღეს არსებული 2025 წლის 1-ლი იანვრისა).

აღნიშნული კანონპროექტის ავტორები, მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე და ნიკა ელისაშვილი არიან.

თაია არდოტელი