„ბიბლუსი ჯგუფი“ - „საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის - მაგრამ საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის“

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფმა“ წელს საახალწლო ფესტივალის მასშტაბური ღონისძიება გააუქმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიაჩნიათ საზეიმო ღონისძიების ჩატარება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე რომან ანთაძე აცხადებს, ჯგუფისთვის საახალწლო ფესტივალის გაუქმება „საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო“.

„საახალწლო ფესტივალის გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში და ჩვენ გუნდში არსებული განწყობების გათვალისწინებით მივიღეთ. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, თუმცა იმ მოვლენების ფონზე, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ხდება, საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ რომან ანთაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსი ჯგუფი“ საახალწლო პროდუქციის იმპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას უკვე 9 წელია ახორციელებს. გასულ წელს, ჯგუფში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინათ მასშტაბური ღონისძიება - საახალწლო ფესტივალი, სადაც საახალწლო პროდუქციისა და სათამაშოების უპრეცედენტოდ დიდი ასორტიმენტი იქნებოდა წარმოდგენილი.

„ღონისძიება ექსპო ჯორჯიას N11 პავილიონში ჩატარდა. ღონისძიება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მთლიანად 60 000-მდე ვიზიტორი ეწვია. ფაქტობრივად, ამ ფესტივალმა უპრეცედენტოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პროდუქცია სრულად გაიყიდა და ბოლო დღეს დეკორაციების რეალიზებაც კი მოხდა.

გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, წელს გაცილების გრანდიოზული ღონისძიება იგეგმებოდა, რომლისთვისაც „ბიბლუსის“ გუნდი მთელი წელი ემზადებოდა. განხორციელდა უპრეცედენტოდ დიდი შესყიდვები, მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ფესტივალის ინვენტარსა და დეკორაციებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო.

თუმცა, მოგვიწია ამ ღონისძიების გაუქმება, რამაც საკმაოდ დიდი ზარალი მოგვაყენა. გვიწევს რამდენიმე მილიონი ლარის მარაგების ერთი წლით გაჩერება. პროდუქციის შესანახად საჭირო გახდა დამატებითი სასაწყობე სივრცეების დაქირავება, რაც ასევე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია ჩვენს მაღაზიებში, სადაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებით, ფაქტობრივად, თვითღირებულების ფასში იყიდება“, - განაცხადა რომან ანთაძემ.

biblusi-1733999505.jpg

ფოტო - ბიბლუსის 2023 წლის საახალწლო ფესტივალიდან