ილონ მასკის SpaceX მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო სტარტაპი მას შემდეგ გახდა, რაც ინვესტორებს აქციების შეძენა შესთავაზა.
ინფორმაციას Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რაკეტებისა და თანამგზავრების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 65%-ით, ხოლო სავარაუდო საბაზრო ღირებულება 350 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
გარიგების პირობების თანახმად, SpaceX და ინვესტორები, რომლებიც მილიარდერის საწარმოს მიმართ გაზრდილ ინტერესს იჩენენ, კომპანიის 1,25 მლრდ დოლარის აქციებს თითოს 185 დოლარად შეიძენენ. რამდენიმე თვის წინ სტარტაპის აქციები 112 დოლარად იყიდებოდა, ხოლო კომპანიის ღირებულება 210 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
SpaceX-მა კაპიტალიზაციით TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს გადაუსწრო, რომელიც გასულ თვეში აქციების გამოსყიდვის პროგრამის შემდეგ, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარად შეფასდა.
თავად SpaceX, თითქმის, 500 მლნ დოლარის აქციებს შეიძენს, დანარჩენი კაპიტალი კი გარე ინვესტორებიდან შევა, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირის, ილონ მასკის მზარდი ბიზნეს-ინტერესების მხარდაჭერას ჩქარობენ.
ცნობისთვის: აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ილონ მასკმა, მინიმუმ, 260 მლნ დოლარი დახარჯა. ის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ბიუროკრატიასთან ბრძოლაზე იქნება ორიენტირებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ