ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს. აღნიშნულს გულისხმობს „ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონის გარკვეული დებულებების ამოქმედების ვადები გადავადდება 2025 წლის 1-ელ ივნისამდე და 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილების თანახმად, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება სტატუსის მინიჭების გარეშე 2026 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიწვევს დაჯარიმებას.
ამასთან, კანონპროექტის მიღების შემდეგ, ტურისტული საქმიანობის სუბიექტს საქმიანობის განხორციელებისთვის რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა, სუბიექტი რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 2025 წლის 1-ელ ივნისამდე არ დაჯარიმდება (ეს თარიღი არსებული რედაქციით 2025 წლის 1-ლი იანვარი იყო).
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები, მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე არიან.