„რთული ვითარებაა, გარშემო ყველა სასტუმრო გაჩერებულია, ჩვენთან შიგადაშიგ არის ჯავშნები“ – „გარემო“

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არავის აქვს არც ხალისი და არც ფინანსური მდგომარეობა, რომ დასვენებებში ჩადოს ფული,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რაჭაში მდებარე „გარემოს“ დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დაინტერესება არის, თუმცა, მოქალაქეები არსებული გაურკვევლობის ფონზე ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

დავითულიანის თქმით, სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია, სასტუმრო „გარემოსთან“ ირგვლივ კი, ყველა სასტუმრო გაჩერებულია.

„ისეთი ნიშით ვართ წარმოდგენილი, რომ ჩვენთან ყოველთვის არის მოთხოვნა, თუმცა იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაც დღეს ქვეყანაშია, არავის აქვს არც ხალისი და არც ფინანსური მდგომარეობა იმისთვის, რომ დასვენებებში ჩადოს ფული. ჩვენი მომხმარებელი არის იმ ასაკობრივი კატეგორიის საზოგადოება, რომელიც დგას დღეს აქციებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოგვაკლდა დამსვენებლები. ვერ გეტყვით, რომ აქამდე დიდი დატვირთულობით გამოირჩეოდა აქ სხვა სასტუმროები, ამ სეზონზე ძირითადად ჩვენ ვმუშაობდით, თუმცა მაინც იყო მცირე შემოდინებები სხვა სასტუმროებშიც. ახლა სხვა ყველა გაჩერებულია, ჩვენთან არის შიგადაშიგ ჯავშნები,“ - ამბობს რესპონდენტი.

დავითულიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გაურკვევლობა აზიანებს ბიზნესს, არავინ იცის მომავალ თვეებში რა იქნება. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში სასტუმროს შენახვა ხარჯია.

„არის საახალწლო ჯავშნები, არის მოთხოვნები, მაგრამ გვწერენ, რომ „არ ვიცით დღეს რა მოხდება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს როგორც განვითარდება მოვლენებიო“ - ვერავინ რისკავს, რომ წინასწარი ჯავშნები გააკეთოს. შემაფერხებელია ბიზნესისთვის, როცა არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია მომავალ პერიოდში როგორ ვიმუშავებთ. ერთი თვით ადრე უკვე ვიცით ხოლმე რა ხდება მომავალ თვეს და ახლა არ ვიცით რა იქნება მომავალ პერიოდში, აქამდე დაზღვეულები ვიყავით წინასწარი ჯავშნებით, მაგრამ ამჟამად ძალიან გაურკვეველი მდგომარეობაა და მივდივართ იქამდე, რომ ამ რეალობაში არ ღირს სასტუმროს შენახვა - მხოლოდ ხარჯია. რთული ვითარებაა, ამას მუშაობა არ ჰქვია.

იქიდან გამომდინარე, რომ სხვა გზა არ არის, უნდა შეინახო ბიზნესი და თანამშრომლები, ვცდილობთ, რა სახსრებიც გვქონდა აქამდე შემონახული, ყველაფერი ჩავდოთ ამ პერიოდის გადალახვაში. ვრისკავთ, რომ მინიმუმ გაზაფხულამდე მივიდეთ და იქნებ შეიცვალოს სიტუაცია და რაღაც გვეშველოს. ყველაფერს ვდებთ იმაში, რომ როგორმე სიტუაციის გამოსწორებამდე მივაღწიოთ, იმედია გამოსწორდება. თუ არ იქნა უკეთესი სიტუაცია, მერე უკვე არ ვიცი რა იქნება“, - განაცხადა თამარ დავითულიანმა.

ცნობისთვის, „გარემო“ ჯამში 4 კოტეჯს აერთიანებს, სადაც ჯამში, მაქსიმუმ 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

მერი ტაბატაძე