„საქართველოს დამოუკიდებლად დასავლური ინსტიტუტების დახმარების გარეშე არ შეუძლია, მყარი, დივერსიფიცირებული, გრძელვადიანი ეკონომიკური გარემო შექმნას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს არ აქვს საკმარისი ბუნებრივი რესურსი ეკონომიკური განვითარებისთვის, დასავლური ცივილიზაციისგან ჩამოშორება რუსული გავლენის სფეროში აბრუნებს, რაც მთლიანად ქვეყანას დააზიანებს.
„საქართველოს რისკებიდან, ოკუპანტი ქვეყნის არსებობიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად დასავლური ინსტიტუტების დახმარების, ევროკავშირთან მყარი ურთიერთობების და მის სივრცეში ინტეგრაციის გარეშე, არ შეუძლია, მყარი, დივერსიფიცირებული, გრძელვადიანი ეკონომიკური გარემო შექმნა. ეკონომიკური გარემოს სტაბილურობაში ვგულისხმობ ისეთივე ტიპის დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ და საზოგადოების დიდ მასებზე გათვლილ გარემოს, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში და არა ისეთს, რომ რამდენიმე სუბიექტის ხელში მოექცეს ქვეყნის ფინანსური რესურსები და ადამიანთა უმრავლესობას ჰქონდეს უშანსობის, უპერსპექტივობის და იმის განცდა, რომ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დგამს კორუფციისა და კლანური მმართველობის გარეშე.
ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკას, რომელსაც არ გააჩნია დიდი ბუნებრივი და სხვა ტიპის რესურსები, რათა დამოუკიდებლად ეკონომიკურად ძლიერი გარემო შექმნას, ცივილური დასავლური გარემოსგან დისტანცირება პირდაპირ გვაგდებს რუსული გავლენების ქვეშ. ეს რასაც ნიშნავს და როგორი მოდელიც იყო გავლილი გვაქვს, ვიცით, მაგიტომ გამოვექეცით და მივდიოდით დასავლეთისკენ. გაუგებრობა და აბსოლუტად არაადეკვატური მოქმედება დააზიანებს მთლიანად ქვეყანას“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
ბიზნესი და ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ შეცვლილი კურსი და მიმდინარე მოვლენები საფრთხეს წარმოადგენს ინვესტიციების კუთხითაც. კუნელაურიც აღნიშნავს, რომ საქართველო ინვესტირებისთვის საინტერესო იყო სწორედ მისი დასავლური კურსითა და განვითარებით, რუსულ გავლენებში დაბრუნება კი ავტომატურად გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას.
„სამშენებლო სექტორი მუდმივად ერთ-ერთი ეკონომიკის და ბიუჯეტის უმსხვილესი კონტრიბუტორი გახლავთ. ამას მხოლოდ ქართული ინვესტიციები ვერასდროს ვერ ახერხებდა, ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესის და სექტორის განვითარებით დაინტერესებული იყო დასავლური კაპიტალი და ინვესტიციები. ყველა ინვესტორი ქვეყნის მიმართ დაინტერესებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ხედავდა განვითარების პერსპექტივას და ამ ქვეყანას არ უყურებდა როგორც პატარა რუსული ტიპის მოდელს.
ინვესტორები ხედავდნენ საქართველოს, რომელსაც მუდმივად ჰქონდა სწრაფვა დასავლური ევროპული ინტეგრაციისკენ და ისეთივე სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ მიდიოდა, სადაც ნაკლები კორუფციაა, მათ შორის, გატარდა ბევრი რეფორმა. ამ ყველაფრის გამო, ინვესტორებმა ჩათვალეს, რომ ამ ქვეყანაში თანხის დაბანდება იქნებოდა სარფიანი და რომ მათი ბიზნესი გაიზრდებოდა. მაგრამ თუ ჩვენ ერთი პროცენტით მაინც დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მნიშვნელოვან პერსპექტივას მოაკლდება, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი ინვესტორისთვის რუსული მოდელის საქართველოში ფულის ჩადება არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ თუ ასეთი ტიპის ქვეყანაში ენდომებათ ფულის ჩადება, წავლენ და პირდაპირ ჩადებენ რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში, იქ, სადაც შესაძლოა, უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლის ჩათვლით აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს.
მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ ბალტიის ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო სანქციები დაუწესეს. უკრაინის მიერ სანქცირებულებს კი სავიზოსთან ერთად, საფინანსო სანქციებიც შეეხოთ. ამასთანავე, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.