„რისკების ზონები გაგვეზარდა - შოვის მსგავსი ტრაგედიები კიდევ მოხდება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ 28 ნოემბერს ისაუბრა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია აღმოსავლეთ საქართველო, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არც დასავლეთ საქართველოშია.
„ყველას ძალიან კარგად ახსოვს შოვი და გვგონია, რომ ჩაიარა და აღარ იქნება. აუცილებლად იქნება კიდევ. ყველა პროგნოზი, რა დასკვნებიც დაიდო, მანიშნებელია იმისა, რომ თავიდანვე ვიცით, რომ რისკების ზონები გაგვეზარდა,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემიდან გამოსავალი ახალ ტექნოლოგიებშია, რომელიც ევროპიდან უნდა შემოვიტანოთ.
„გამოსავალი ახალი ტექნოლოგიებია, რომელიც ევროპიდან უნდა შემოვიტანოთ და ამაზე უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს მუშაობა. მარტო ფერმერები ვერაფერს იზამენ. რამდენმა მათგანმა ვერ აიღო მოსავალი? რამდენს დაესეტყვა? ამას ემატება დაავადებები, რომლებიც ასევე კლიმატურ ცვლილებებთან არის კავშირში. ამას ემატება არასეზონური წყალმოვარდნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს უწყლობის პრობლემას.
წყალი არ გვაქვს, იმიტომ, რომ არ გადავედით წვეთოვან სისტემაზე, არ ვიცით, როგორ ვრწყავთ ფართობებს. შეიძლება 1 ჰექტარზე მოსავლიანობაში ისრაელი გვჯობნიდეს?“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.