„დილერი იძულებული იქნება ფასდათმობაზე წავიდეს“ - როგორ აისახება ექსპორტის მომსახურების გაძვირება ავტობაზარზე

„მომსახურების გაძვირება ავტოიმპორტიორებზე აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ გადასახადი არ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ერთი ავტომობილის ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადი 150 ლარის ოდენობით გაძვირდება. პარლამენტი ცვლილებების შედეგად, წლიურად ბიუჯეტის 15 მილიონი ლარით ზრდას მოელის. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.

როგორც ნონიაძე განმარტავს, ნორმალურ სიტუაციაში ხდება გადასახადის გადამისამართება და მომატებული ფასი მყიდველის გადასახდელია, თუმცა, დაბალი მოთხოვნისა და ჭარბი მიწოდების ფონზე დილერი იძულებული იქნება, რომ ავტომობილების ფასი შეამციროს, რათა მანქანების გაყიდვა უზრუნველყოს. ამ მდგომარეობაში კი გამოდის, რომ მსგავს სიტუაციაში მომატებული ფასის გადახდა დილერის ხარჯზე მოხდება.

„ნებისმიერი მომსახურების გაძვირება, ბუნებრივია, ავტოიმპორტიორებზე აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ გადასახადი არ არის. ამას არ იხდის ავტოიმპორტიორი და საქმე გვაქვს გადასახადის გადამისამართებასთან მყიდველისკენ.

ეს პირდაპირი გადასახადი არ არის ავტოიმპორტიორებისთვის, ამ გადასახადს იხდის მყიდველი, მაგრამ როდესაც მოთხოვნა ნაკლებია, ხოლო მიწოდება მეტი, ამ გადასახადის გადამხდელი გამოდის დილერი და არა მყიდველი. კერძოდ, გაზრდილი გადასახადების და თვითღირებულების ფონზე, მანქანის გამყიდველმა რომ ავტომობილი გაყიდოს, იძულებულია, ფასდათმობაზე წავიდეს. გამოდის რომ ერთი შეხედვით იხდის მყიდველი, მაგრამ რეალურად მომატებული გადასახადის გადამხდელი დილერია“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

იხილეთ ასევე:

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება

მერი ტაბატაძე