პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, უკანონო საექთნო საქმიანობისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმები 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, „უკანონო სამედიცინო, საექიმო, საექთნო, მეან-ექთნის საქმიანობის“ შესახებ კანონით გათვალისწინებულია, რომ:
საექთნო საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მეან-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, „საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაკავშირებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამის ზომებთან და ამდენად, ფინანსურ შედეგებთან, იმ სამართალდამრღვევი პირებისათვის, რომელთაც მოუწევთ ჯარიმების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობით.
მოცემული ეტაპისთვის, რამდენადაც ხდება ზემოაღნიშნული ვალდებულების გადავადება, ფინანსური გავლენები იმ პირთათვის, რომელთაც, შესაძლოა, ჩაედინათ მოცემული სამართალდარღვევა, რაც დაკავშირებული იქნებოდა მათ მიერ ჯარიმების გადახდასთან, - არ წარმოიშობა“.
ცვლილებების კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში გეგმავს.