ჟურნალ Time-მა „2024 წლის ადამიანად“ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაასახელა.
ჟურნალი ამ სტატუსს, ტრადიციულად, ყოველი წლის 12 დეკემბერს აქვეყნებს.
Time წერს, რომ ყოველწლიურად იმ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს ან კონცეფციას ირჩევს, რომელმაც მსოფლიოში წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და არ არის აუცილებელი, ეს გავლენა დადებითი იყოს.
საბოლოო შერჩევამდე, მიმდინარე კვირას ჟურნალმა “წლის ადამიანის” კანდიდატთა ათეულის სია გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპის გარდა, სიაში იყვნენ: აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი და მოქმედი ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი; უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი; ამერიკელი ბიზნესმენი, ილონ მასკი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია; ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ; აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი; პოდკასტ The Joe Rogan Experience-ის ცნობილი წამყვანი, ჯო როგანი; მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი და Metas მფლობელი, მარკ ცუკერბერგი.
ცნობისთვის: 2022 წელს Times-ის "წლის ადამიანი" ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა, ხოლო 2023 წელს ეს ნომინაცია ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს მიენიჭა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ