„დროზე ვაჩვენოთ ჩვენი ბრაზი „არალეგიტიმურ“ მთავრობას - ომში არსებობს ტყვეების გაცვლის ფორმატი, ამიტომ მამებმა ჩავანაცვლოთ შვილები“

„დროზე ვაჩვენოთ ჩვენი ბრაზი არალეგიტიმურ მთავრობას“ - ბიზნესმენი კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს, მთავრობას ბრაზი „ტყვეების ჩანაცვლების“ პრინციპით აჩვენონ. ამისათვის კი ის სთავაზობს მათ, ომის პრინციპით, მოახდინონ „ტყვეების“ გაცვლის პროცედურა და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ნაცვლად, ციხეში უფროსი თაობა ჩაჯდეს.

კახა ხაზარაძის ინიციატივას „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო ისევ დავბრუნდი,ჩემი ტკივილით.... 14 დღეა თუ ღამეა ვეღარ ვიგებ. არ ვიცი ვიტირო, თუ გავიცინო, ან ორივე ერთად.

ერთადერთი რისიც მჯერა, არის ის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ... ანუ საქართველო გაიმარჯვებს,

მეც და თქვენც ყველაზე მეტად რასაც დღეს განვიცდით, ეს უსამართლოდ დაჭერილი ჩვენი შვილებია, რომლებსაც აუცილებლად დავიხსნით მალე.

მაგრამ ეს მალე დროში შეიძლება გაიწელოს და ამიტომ გთავაზობთ გამოსავალს. ნებისმიერ ომში არსებობს ტყვეების გაცვლის ფორმატი, ტყვეების ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ რეჟიმისთვის ეს არის რაოდენობა ადამიანების და არა კონკრეტული ამათი დანაშაული.

აქედან გამომდინარე მამებმა ჩავანაცვლოთ შვილები.

მე მზად ვარ როგორც მშობელი ვიყო N1. ამ სიაში და მჯერა, რომ ბევრი შემომიერთდებით. ამიტომ, „ოცნებას“ ვთავაზობ სიტუაციის დროებით გადატვირთვას, სანამდე საბოლოო ფორმატზე შევთანხმდებით .( სანამდე ვიპოვით გამოსავალს არსებული სიტუაციიდან).

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებ მთავრობას, თუ ამ თაობის წარმომადგენლებს, ანუ ჩვენს შვილებს ,რომლებიც დღეს უსამართლოდ გყავთ დაკავებული ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეთ, ჩვენი რეაქცია იქნება უკონტროლო მშობლის რეაქცია, რომელსაც ფანტაზია არ გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს საქციელზე პასუხისმგებლობას აღარ ავიღებთ... მერწმუნეთ, ეს არ არის მუქარა, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა.

ასე რომ, მოგიწოდებთ საზოგადოებას დროზე ვაჩვენოთ ჩვენი ბრაზი არალეგიტიმურ მთავრობას, რომ თავიდან ავიცილოთ ერის გახლეჩა და დაპირისპირება.

და რაც შეგეხებათ თქვენ მთავრობას ( ბრჭყალებში)

გონს მოეგეთ ..... აივსო ფიალა.....!!!!!!!!“ - წერს ბიზნესმენი.

ეკა დარჩიაშვილი