საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობას 300-ზე მეტი ბიზნესი არ აპირებს

წლევანდელი წინასაახალწლო ღონისძიებები განსხვავებულად რომ ჩაივლის, სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებისა და აქციების ფონზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებზე უარი ამ დროისთვის ოფიციალურად 300-ზე მეტმა ბიზნესმა თქვა.

მათგან ზოგი საკმაოდ მსხვილი, ზოგიც საშუალო ან მცირე ბიზნესის წარმომადგენელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება“, - აღნიშნულია „ბიბლუსის“ განცხადებაში.

„ვაინესში არ გვჭირდება გაფიცვა, ფაქტობრივად, ისედაც გაფიცულები ვართ. ვერ ვიწყებთ ახალი წლის კამპანიას, ვერ ვამატებთ პროდუქტებს, ვერ ვდებთ კომერციულ ფოტოებს და საერთოდ ვერ გვაქვს, პროტესტის მიღმა - თქვენთან კომუნიკაცია და ვერც გვექნება“ - წერს სოციალურ ქსელში სასმელისა და ტკბილეულის მწარმოებელი „ვაინესი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ მეწარმეების სრულ ჩამონათვალს, რომლებმაც არსებული სიტუაციის გამო, წელს საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. (იხილეთ ჩამონათვალი)

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

საპროტესტო აქციები 14 დღეს უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, გუშინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 14 დეკემბერს, 19 საათზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება დააანონსა.

"როგორც იცით დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე თითქმის დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ ქუჩაზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. უშუალოდ რუსთაველის გამზირზე ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება.

მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და სადღესასწაულო განათებები მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება. თბილისი კვლავ იქნება, ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა,"- აღნიშნა კალაძემ.

ეკა დარჩიაშვილი