ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მხოლოდ აფხაზეთს ხმარდება

ენგურის ჰიდროელექტროსადგური ამჟამად 120 მეგავატ ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც, თითქმის, მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის შესახებ ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ TASS-ს განუცხადა.

მისი თქმით, მართალია, წყლის კრიტიკული დონის გამო ოთხშაბათს სადგური ავტომატურად გაჩერდა, მაგრამ ჰესის მუშაობა იმავე დღეს აღდგა. თუმცა ენგურჰესი ამჟამად ჯამურად მხოლოდ 120 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომლის, თითქმის, 98%-ს აფხაზეთი მოიხმარს.

კერძოდ, 120 მეგავატი დღეში, დაახლოებით, 2,2 მლნ კვტ/სთ-ია, მაშინ, როცა აფხაზეთის მოხმარება შეზღუდვების გარეშე დღეში 9,5 მლნ კვტ/სთ-ს აღწევს. მებონია ამბობს, რომ, 2025 წლის მარტის შუა რიცხვებამდე კაშხლის შევსების მხრივ მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები აფხაზეთის მხარეს, ხოლო კაშხალი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მდებარეობს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი ხელშეკრულებით, ამ სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს ოკუპირებული აფხაზეთი, 60%-ს კი დანარჩენი საქართველო იღებს.

ცნობისთვის: 11 დეკემბერს, თბილისის დროით 4 საათისთვის აფხაზეთის მომარაგების ერთადერთმა სადგურმა, „ენგურჰესმა“ წყლის კრიტიკული დონის შედეგად მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. გათიშვამდე კაშხალში წყალი ავარიულ დონეზე იყო, რადგან შედინება წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენდა და სადგურის გაჩერებას ნებისმიერ დროს მოელოდნენ. „ჩერნომორენერგოს“ 5 დეკემბრის მონაცემებით, კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 410 მეტრზე ნაკლები იყო, რაც კრიტიკულზე დაბალი დონეა.

თუ ავარიულ გათიშვამდე სადგური საათში 160 მეგავატამდე სიმძლავრეს აწარმოებდა, ტექნიკური ცვლილების გამო მაქსიმალური სიმძლავრე 90 მეგავატ საათამდე დავარდა. შედეგად, აფხაზეთში 9 დეკემბრიდან ამოქმედებული დენის მიწოდების ისედაც შემცირებული გრაფიკი, რომელიც 4 სთ-სა და 40 წუთს შეადგენდა, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის კლების გამო 2 სთ-სა და 48 წუთამდე შემცირდა. კერძოდ, დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 24 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ