გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს ვადების გადაწევას.
კერძოდ, პროექტის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება იმ მუხლების ამოქმედების თარიღი, რომლებიც ითვალისწინებს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნას, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენას, აღრიცხვასა და ანგარიშგების წარმოებას. პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს.