თუ „ოცნებამ“ „მუხლზე გადაიმტვრია“ ეს სამოქალაქო წინააღმდეგობა, მაშინ ველოდები ლარის ჩამოქცევას - ფინანსისტი

საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 5%-ით გაუფასურდა. თუ 26 ოქტომბერს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარს შეადგენდა, სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2.8512 ლარი ღირს. ლარის გაუფასურება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო.

რა ნიშნულამდე დაეცემა ლარის კურსი, ამის პროგნოზირება ეკონომისტებს უჭირთ და ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, შესაბამისად, ლარის ბედიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„მოლოდინები ისეთია, რომ შემცირდება ინვესტიციები, ტრანსფერები. ამიტომ, ხალხი ლარის კურსთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და ახლავე იჭერს თადარიგს და ყიდის ლარს. ვიღაც ყიდულობს, ვიღაც ყიდის, მაგრამ უფრო მეტი აშკარად ყიდის. ეს არის შედარებით ნელი პროცესი, მაგრამ გაუფასურების ტენდენცია სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია. აქვე, ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტად შესაძლოა, გაუფასურებულიყო ლარი, მაგრამ არის იმის იმედიც, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მოხდება იმგვარად, რომ ქვეყანა პროდასავლურ ტრაექტორიას დაუბრუნდება. ეს არის ის, რაც ჩემი აზრით ლარზე მოქმედებს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ლარის შემდგომ გაუფასურებაზე პროგნოზის გაკეთება რთულია და მთავარი ფაქტორი ისევ და ისევ პოლიტიკური იქნება.

„ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რაიმე ეკონომიკური ფაქტორიც გამოჩნდეს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“, რა სახის სანქციები იქნება დასავლეთის მხრიდან, როგორ განვითარდება ქუჩის პროტესტი, რამდენად გააგრძელებს მმართველი პარტია, რომ „მუხლზე გადაიმტვრიოს“ ეს სამოქალაქო წინააღმდეგობა და ღმერთმა დაიფაროს, თუ შეძლო ეს, რა თქმა უნდა, მაშინ ველოდები ლარის ჩამოქცევას. მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება და სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც ასე ვთქვათ, არის მთავარი ფაქტორი, მაგრამ იქამდე იქნება მერყეობა, ნერვიულობა და შფოთვა ბაზარსა და ლარზე“, - აღნიშნა ფინანსისტი.

გიგა ბედინეიშვილის თქმით, დღევანდელი მოცემულობით ლარის კურსს სავალუტო რეზერვების ხარჯვა „იჭერს“.

„რეზერვების ხარჯვა მოკლევადიანად რაღაცას შველის, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა. რეზერვები გვჭირდება და მისი შემცირება თავისთავად, შემდგომ უარყოფითად მოქმედებს ლარზე. ეს იმიტომ, რომ ბაზარმა იცის - ბუფერი შემცირებულია, სკეპტიკური დამოკიდებულება ლარის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაყიდის ლარს. შემდეგ კურსის შესანარჩუნებლად უფრო მეტი რეზერვის გაყიდვა გახდება საჭირო და მოკლედ ასეთი ჩაკეტილი წრეა. საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური პროცესების შედეგი იქნება. ლარის რეალური შველა თუ გვინდა, თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, საჭიროა ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა“ ,- აღნიშნა მან.

ავტორი: რატი ერისთავი