ბიზნესი ასეთ რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებს – ვცდილობთ, გარკვეულად რეზერვებზე ვიმუშაოთ - თამაზ დაუშვილი

„არ ვიცით, რა გველოდება და ისღა დაგვრჩენია, ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ,“ - კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა, თამაზ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ კომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ერთადერთი საზრუნავი ამ ეტაპზე ის არის, რომ სწორედ დაგეგმონ მომავალ თვეებში მოვლენათა შესაძლო განვითარება.

„ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი ამ ეტაპზე არის ის, რომ სწორედ დავგეგმოთ მომავალ თვეებში მოვლენების შესაძლო განვითარება, რადგან ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია, კრიზისი, რომელიც სხვა დროსაც ყოფილა.

არ ვიცით, რა გველოდება და ისღა დაგვრჩენია, ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ, რა იქნება მომავალში. ვცდილობთ, გარკვეულად რეზერვებზე ვიმუშაოთ და თავი დავიზღვიოთ, მაგრამ ბიზნესი არ არის ამოუწურავი რესურსი და დიდი ხნით ასეთ რეჟიმს ვერ გაუძლებს“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, თუ სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, ის სხვადასხვა სფეროების პროტესტს მოიცავს, რომლებიც არა ხელფასისთვის, არამედ დაცულობისთვის იბრძვიან.

„კრიზისი თუ გაგრძელდა, პროტესტი სხვადასხვა სფეროებზე გავრცელდება. დღეს თუ IT ან HR სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ, ხვალ იქნებიან სხვები და ეს ადამიანები ხელფასისთვის კი არა, დაცულობისთვის იბრძვიან და ასევე იმისთვის, საქართველოში ევროპულ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლის ჩათვლით აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ უარი განაცხადა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან რიგი სექტორები, მათ შორის ბიზნესი და მოითხოვენ ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდეს. ამ მოთხოვნით დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე მე-16 დღეა აქციებს მართავენ.

ეკა დარჩიაშვილი