„ბიზნესის „დანაშაული“ ისაა რომ აქტიური პოზიცია არ უკავია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“ - ზურაბ ლალაზაშვილი

ყველა ქვეყანა, სადაც ხდება პოლიტიკური არეულობა და ამ დროს არ ზარალდება ბიზნესი, არის ძლიერ ინსტიტუციებზე დამოკიდებული, რომლებიც მსგავსი ტიპის არეულობის დროს ფარის ფუნქციას ითავსებს, - ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინსტიტუტებია: მართლმსაჯულება, ინვესტორის დაცვა, სასამართლო და ა.შ.

„არსებობს ორი მოდელი: როდესაც სტაბილურობა პიროვნებაზეა დამოკიდებული და მეორე, როდესაც სტაბილურობა ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. ჩვენი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არც წინა ხელისუფლებამ და არც ამჟამინდელმა, არ იზრუნა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ყოფილიყო ქვეყანაში და ყველა დაუქვემდებარა პოლიტიკური პარტიის ნებას და ვიწრო ჯგუფის ან ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას. ამიტომ ბიზნესი იძულებულია, კონკრეტული ჯგუფის ან ადამიანის გადაწყვეტილებებს დაექვემდებაროს და სწორედ ამიტომ არის ტურბულენტობა ქვეყანაში.

ბიზნესის „დანაშაული“ არის ის, რომ აქტიური პოზიცია არ უკავია ამ თემებთან დაკავშირებით. როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირში გვინდა, სწორედ ევროკავშირია ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რომ მსგავსი კრიზისების დროს ძლიერი ინსტიტუტები დაიცავენ ბიზნესის ინტერესებს და ეს ქვეყნის კეთილდღეობაზე ძალიან კარგად აისახება,“ - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი